ახალი რეგულაციებით, ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით ტაქსის მომსახურების სერვისი შესაძლოა, აიკრძალოს
ორკარიანმა ავტომობილმა არ უნდა უზრუნველყოს ტაქსის მომსახურების სერვისი ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანმა, – ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მგზავრთა ნებართვის ახალი წესის განმარტებისას გააკეთა.
მისი თქმით, დოკუმენტი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა ქალაქის საკრებულოს და აგვისტოს პირველი ნახევრიდან ტაქსის მძღოლებს ვალდებულება ექნებათ, აიღონ შესაბამისი ნებართვა.
მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ნაბართვისა და ტაქსის ნიშნის არსებობა, ხოლო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსის ფერისა და ვიზუალის შესახებ მერია ახალ რეგულაციებს გაასაჯაროებს.
„პირველ ეტაპზე მხოლოდ ნებართვის ფლობა და ტაქსის ნიშნის მუდმივად ავტომობილის სახურავზე განთავსება იყო დაანონსებული. ჩვენ ასევე დავპირდით საზოგადოებას, რომ მათ ეცოდინებოდათ, რა რეგულაციები იქნება მეორე ეტაპზე. ეს იქნება მოთხოვნები ვიზუალისადმი, ფერისადმი და სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების მიმართ. ორკარიანმა ავტომობილმა არ უნდა უზრუნველყოს ტაქსის მომსახურების სერვისი ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა. რეგულაციები ძალაში შევა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, ანუ ერთი წლის თავზე ყველას ექნება საშუალება, მოემზადოს, ხოლო რაც შეეხება ფერს, ამაზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს და გვაქვს ვალდებულება, რომ ოქტომბერში, როდესაც ძალაში შევა განებართვიანების სისტემა, საზოგადოებას გავაცნობთ ვიზუალისა და ფერის ერთიან სტანდარტს“,- განმარტა მაია ბითაძემ.