ახალი მეთოდოლოგიით შეფასებული ეროვნული ანგარიშები 15 ნოემბერს გამოქვეყნდება
ახალი მეთოდოლოგიით შეფასებული ეროვნული ანგარიშები 15 ნოემბერს გამოქვეყნდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – სელიმ ჩაკირი ხელმძღვანელობდნენ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „საქსტატში“ ეროვნული ანგარიშების, ფასებისა და საგარეო სექტორის სტატისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, ახალი მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შეფასება და სამომავლო გეგმების შემუშავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლების განახლების საკითხებს. „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ეროვნული ანგარიშების სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან დაკავშირებული პროცესები.

მისი თქმით, საქსტატის თანამშრომლები, დანიელ კოლეგებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიით შეფასებული ეროვნული ანგარიშების მონაცემები, საზოგადოებისთვის 15 ნოემბერს გახდება ცნობილი.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „საქსტატისა“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობაზე და სხვადასხვა მიმართულებით ტექნიკური დახმარების საჭიროებაზე.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სტატისტიკის სისტემის განვითარებისა და გაძლიერების თვალსაზრისით.