ახალი კორონავირუსის სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს
ახალი კორონავირუსის სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს

ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს. მას ტემპერატურა აღენიშნება.

როგორც ირკვევა, პაციენტი რუსთავში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მამაა. ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაყვანამდე მშობლიურ სოფელ ქვემო გურგენიანში იმყოფებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ რუსთავში ინფიციტებული ახალგაზრდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი, სოფელში ახლახანს ჩავიდა. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდას სოფელში 90 წლამდე ასაკის ბაბუა ჰყავს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.

ნუნუ ნოზაძის თქმით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციში გადავიდნენ.

ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული მამაკაცის სინჯები კი, ტესტირებისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა და პასუხი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, დღეს კახეთში ახალი კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა, ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმია.