ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი პაციენტი ბოლნისიდანაა
ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბოლნისიდან იუწყება, ლაბორატორიული კვლევების შედეგად კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ მკვიდრს დაუდასტურდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანეს.
დასახლებაში, სადაც ინფიცირებული ცხოვრობდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ და პაციენტის კონტაქტებს სწავლობენ.
„სამწუხაროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. ამ დროისთვის ჩვენი ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. პაციენტი გადაყვანილია თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღემდე ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი პაციენტი არის გარდაცვლილი“, – განაცხადა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ცხრა შემთხვევიდან ექვსი ქვემო ბოლნისის დასახლებაში გამოვლინდა და ერთმანეთთან დაკავშირებული კონტაქტებია. მათგან ერთი, 79 წლის ქალბატონი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.
ერთი ინფიცირებული სოფელ ნახიდურიდან, როგორც ცნობილია, მარნეულში დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტს წარმოადგენს. კიდევ ერთი ბოლნისელი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისთანავე კარანტინის ზონაში იყო და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ამასთან, ბოლნისის ე.წ. ცხელების ცენტრში ორ პაციენტთან დაკავშირებით ტესტების პასუხები მიიღეს, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა „კოვიდ-19“-ის ინფექცია არ დაუდგინდათ.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 208 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელდა 48 და დაუღუპა სამი პაციენტი.