„ახალი ძალების მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებული დოკუმენტები დაიკარგა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიაში „ახალი ძალების მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებული საქმის დოკუმენტები დაიკარგა.
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გაიმართა.
„სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა ანკეტა მოქალაქეობის მინიჭების შესახებ – ყალბი ანკეტა ყალბი ხელმოწერით, რაზეც ჩვენ უკვე დავწერეთ და შესაბამისი მტკიცებულებების წარვადგინეთ. სასამართლოში ამის დასამტკიცებლად, ჩვენ ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციიდან სააკაშვილის ხელმოწერების ორიგინალები მოვითხოვეთ, თუმცა დოკუმენტები არ აღმოჩნდა, დაკარგეს“, – განაცხადეს სააკაშვილის პარტიაში.
„ახალი ძალების მოძრაობის“ წევრთა მტიკცებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განაცხადი ყალბია.
შეგახსენებთ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დაცვის მხარის თხოვნა სასამართლო სხდომებში პოროშენკოს მონაწილეობის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო, 2017 წლის ივლისში კი მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რეადმისია კიევიდან პოლონეთში 12 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.