ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა
ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავატომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას დაუერთდება. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. ჰამაკების ბაზრობას და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა.

„იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.