ახალი 10-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
განახლებული ბანკნოტი დაცულია როგორც მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.
„დღეს წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.