ახალგორის გამგებელი - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გათავისუფლებას უმოკლეს ვადაში ველოდებით
ახალგორის გამგებელი - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გათავისუფლებას უმოკლეს ვადაში ველოდებით

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლებას უმოკლეს ვადაში ველოდებით – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკაბები მიმდინარეობს.

„ხელისუფლების აქტიური ქმედებით და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ჩართულობით, ინტენსიურად მიდის მუშაობა ორი დაკავებულის – პავლიაშვილისა და ქუტაშვილის გათავისუფლების თაობაზე და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია, თუმცა უმოკლეს ვადაში ველოდებით შედეგებს. მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები“, – განაცხადა ახალგორის გამგებელმა.

რაც შეეხება მომხდარს, გამგებლის ინფორმაციით, სამივე პირი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვით იყვენ დაკავებული.

„რამდენიმე მანქანას გადააქვს ხილ-ბოსტნეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორში. მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, 2-3 წელი გადადადგილდებოდა და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასევე, ქუტაშვილიც და პავლიაშვილიც იმავე საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ისინი დააკავეს პირველსავე სოფელში, სადაც რუსი ოკუპანტები დგანან. პავლიაშვილი და ქუტაშვილი იყვნენ ერთი მანქანით, ხოლო ტატუნაშვილი მარტო იყო თავის მანქანით. სამივე გადაიყვანეს და ტატუნაშვილი, დიდი ალბათობით, მოკლეს“, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

2018 წლის პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა სოფ. ერგნეთში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.

ჩვენი შეფასებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება.

ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას, როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.