ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, მაზიაშვილმა - ბრინჯაო #1TVSPORT
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.
პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) გამოვიდნენ და ორივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლისთვის იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიგო.
მეორე ქართველმა თორნიკე მაზიაშვილმა კი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელი აუგუსტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით ასპარეზობს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრებაზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოდიან. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებულია.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება მედლების მოპოვებას.