ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“
განათლების სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“.
სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.
კონკურსის მონაწილე კანდიდატი: თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაერო-ს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება: გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე; გაერო-ში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში; მანდატის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაერო-ში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“ ნაწილია პროგრამისა „გაერო-ში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაერო-ში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაერო-ს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.
„მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 30 000 ლარით დაფინანსდება. ინფორმაცია ვრცლად კონკურსის მიზნების, წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობების, კანდიდატის წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის, საკონკურსო თემატიკისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.