ახალგაზრდა, რომელიც შარშან ლას ვეგასში თავდასხმას გადაურჩა, კალიფორნიაში სროლისას დაიღუპა

00:07, 10.11.2018

27 წლის ტელემაჩუს ორფანოსი, რომელიც შარშან ლას ვეგასში შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა, კალიფორნიაში გუშინ მომხდარი სროლის დროს დაიღუპა.​ ინფორმაციას ორფანოსის ოჯახი ადასტურებს, რომელიც მთავრობისგან იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს.

„არ მინდა თანაგრძნობა, არ მინდა ჩემთვის ლოცვა, იარაღის შესახებ კანონი მინდა“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ტელემაჩუს ორფანოსი 2010-2011 წლებში ავღანეთში მსახურობდა.

კალიფორნიაში, მუსიკალურ ბარში ცეცხლი 28 წლის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, იან დევიდ ლონგმა გახსნა. თავდამსხმელი 2008-2013 წლებში საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა.

იან დევიდ ლონგი ბარში 45 კალიბრიანი Glock-ის ტიპის იარაღით ისროდა. კალიფორნიის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა ბარის ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის დროს თავი მოიკლა. მუსიკალურ ბარში სროლა ადგილობრივი დროით 23:20 საათზე დაიწყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდაპირველად ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კვამლის ყუმბარა გადააგდო და სროლა გააგრძელა. საერთო ჯამში, თავდამსხმელმა 30-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.

მსგავსი