ახალგაზრდა, რომელიც შარშან ლას ვეგასში თავდასხმას გადაურჩა, კალიფორნიაში სროლისას დაიღუპა
27 წლის ტელემაჩუს ორფანოსი, რომელიც შარშან ლას ვეგასში შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა, კალიფორნიაში გუშინ მომხდარი სროლის დროს დაიღუპა. ინფორმაციას ორფანოსის ოჯახი ადასტურებს, რომელიც მთავრობისგან იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს.
„არ მინდა თანაგრძნობა, არ მინდა ჩემთვის ლოცვა, იარაღის შესახებ კანონი მინდა“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
ტელემაჩუს ორფანოსი 2010-2011 წლებში ავღანეთში მსახურობდა.
კალიფორნიაში, მუსიკალურ ბარში ცეცხლი 28 წლის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, იან დევიდ ლონგმა გახსნა. თავდამსხმელი 2008-2013 წლებში საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა.
იან დევიდ ლონგი ბარში 45 კალიბრიანი Glock-ის ტიპის იარაღით ისროდა. კალიფორნიის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა ბარის ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის დროს თავი მოიკლა. მუსიკალურ ბარში სროლა ადგილობრივი დროით 23:20 საათზე დაიწყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდაპირველად ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კვამლის ყუმბარა გადააგდო და სროლა გააგრძელა. საერთო ჯამში, თავდამსხმელმა 30-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.