ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სავარაუდოდ მამამ სცემა, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სავარაუდოდ მამამ სცემა, კატასტროფის ცენტრმა მრავლობითი დაზიანებებით წნორის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
წნორის კლინიკის ხელმძღვანელის ოთარ რუაძის განცხადებით, ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ნეიროქირურგიული ჩარევა, რის გამოც კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს და პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სიღნაღში, მშობლების ოჯახში, შვილთან ერთად ცხოვრობს. მეზობლები ყვებიან, რომ ეს მამის მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია და სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.