„ახალგაზრდა მეწარმე“ - სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (DANIDA), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს (10,000,000 ლარი).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ. პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.
დღეს პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ახალგაზრდა მეწარმეებს ახალი პროექტი გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიან დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება გარდა, იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.
სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge მეშვეობით.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.