ახალგაზრდა გლობალური ლიდერების მონაწილეობით საქართველოში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა
თბილისში, სასტუმრო „რუმსში” ახალგაზრდა გლობალური ლიდერების მონაწილეობით, ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.
მსოფლიო ლიდერები საქართველოში ბიზნესგარემოსა და ქართულ კულტურას ეცნობიან.
„იანგ გლობალ ლიდერს“ (Young Global Leaders) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია და 2004 წელს დაფუძნდა.
„იანგ გლობალ ლიდერს“ წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაერო-ს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად“ დასახელებულები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი.
ახალგაზრდა გლობალური ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და 14 აპრილამდე დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს. გაიმართება პანელური დისკუსიები და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.