ახალციხის სკოლაში წითელი ყელსახვევების გამოყენების ფაქტზე განათლების სამინისტრო მოკვლევას იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს. საქმე ეხება აღნიშნულ სკოლაში ჩატარებულ „ანბანის გაცილების“ ღონისძიებას, რომელზეც პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები ეკეთათ.
ფოტო, რომელზეც სკოლის მოსწავლეებს პიონერების მსგავსი წითელი ყელსახვევები უკეთიათ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და ამ ღონისძიებას, გარდა „ანბანის გაცილებისა“, სხვა დატვირთვა არ ჰქონია.
კომუნისტურ სიმბოლიკასთან კავშირს უარყოფს სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც, რომელიც იმავე გამოცემასთან ამბობს, რომ ბავშვებს თეთრი, შავი და წითელი სამოსი უნდა სცმოდათ და პედაგოგებმა და დირექტორმა არ იცოდნენ, რა ფერის ყელსახვევებს გაიკეთებდნენ მოსწავლეები.
განათლების სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოკვლევას იწყებს. ამასთან, უწყება მოუწოდებს სკოლის ყველა დირექტორსა და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.