ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული. თითქმის 15 საათია, საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომობილებს თურქეთის მიმართულებით არ უშვებს.

როგორც მძღოლები პირველ არხთან აცხადებენ, მათივე უსაფრთხოებისთვის პოლიცია გადაადგილებას უკრძალავს და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, როდესაც გზები გაიხსნება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 30-კმ 96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.