ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმო ვითარებაში განათლების მინისტრმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს.

სკოლაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000-მდე მოსწავლისთვის.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაუმჯობესდა და აღიჭურვა თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიით.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის იანვარში დაიწყო. მშენებლობის დასრულებამდე პირველი სკოლის 1000–მდე მოსწავლე ახალციხის მესამე და მეექვსე სკოლებში გადაანაწილეს, სწავლა კი მეორე ცვლაში მიმდინარეობდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სამცხე-ჯავახეთში ექვს საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის ვალეს N1 საჯარო სკოლას, სადაც 300-მდე მოსწავლე თანამედროვე გარემოში განაგრძობს სწავლას.

განათლების მინისტრმა და აშშ–ს ელჩმა ვალეს პირველი საჯარო სკოლაც დაათვალიერეს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016–2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 მდე სკოლას მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და რაჭა–ლეჩხუმის რეგიონებში. პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით ხორციელდება.