ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გადის სოფლებს გორელოვკას, ჟდანოვს და მთავრდება საქართველო-სომხეთის საზღვართან.
„აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებით (დიდთოვლობა, ნამქერი და დიდი ყინვები) გამოირჩევა, შესაბამისად სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიას სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე სამუშაოები განახლდა და აქტიურად გაგრძელდება. პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, მიმდინარე წელს პროექტი მომზადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება დაზიანებულ 5 კმ-იან მონაკვეთზე (კმ91-კმ97).
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით სამუშაოები 10 პროექტზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განხორციელდება 41.1 კმ გზისა და 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 32 852 300 ლარს შეადგენს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილია 7 პროექტის დაწყება, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 37,3 კმ-ს. სავარაუდო ჯამური ღირებულება 36 297 000 ლარია. მათ შორის, 2019 წელს დასრულდება 5 პროექტი, ხოლო 2 პროექტი დასრულდება 2020 წელს. ამასთანავე დაგეგმილია 2 პრევენციული პროექტი, საერთო ღირებულებით 1 492 800 ლარი, 1 ნაპირსამაგრი პროექტი, ღირებულებით 500 000 ლარი და პერიოდული შეკეთების სამუშაოები 5 სხვადასხვა ობიექტზე, რომლის სავარაუდო სიგრძე 50 კმ-ია, სავარაუდო ღირებულება კი 13 500 000 ლარი.