ახალციხეში სუს-ის ყოფილ ჩინოსანს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ 
ახალციხეში სუს-ის ყოფილ ჩინოსანს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ 

ახალციხეში, კლდიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამხრეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე გოჩა გელაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები პირველ არხთან ყვებიან, რომ ნასვამმა გოჩა გელაშვილმა მათ, როგორც ეთნიკურად სომხებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეზობლების ინფორმაციით, გელაშვილი შეიარაღებული იყო. მათივე თქმით, ეს გელაშვილის მხრიდან მათი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ისინი ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, რომელიც ასევე გოჩა გელაშვილის მეზობელია, ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მეზობლებისგან გაიგო. რუბენ კარაპეტიანის თქმით, მეზობლებს გელაშვილის მიმართ პოლიციაში საჩივარი არ დაუწერიათ, თუმცა ის ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ იციან.

თავად გოჩა გელაშვილი ბრალდებას უარყოფს.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. შსს–ს განმარტებით, დაწყებულია წინასაგამოძიებო მოკვლევა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას პოლიციისთვის აღნიშნული ინციდენტის შესახებ შეტყობინებით არ მიუმართავს, ჩვენთვის  ცნობილია აღნიშნული ინციდენტის შესახებ. დაწყებულია წინასაგამოძიებო მოკვლევა. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას – არ დასტურდება. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ფაქტზე მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებენ შსს-ში.