ახალციხეში მეორე კლასელი ბიჭი ბაღის თანამშრომელმა გადაარჩინა
ახალციხეში მეორე კლასელი ბიჭი ბაღის თანამშრომელმა გადაარჩინა

ახალციხეში მეორე კლასელი ბიჭი მდინარე ფოცხოვში ჩავარდა. ბავშვი ერთ–ერთი ბაღის თანამშრომელმა გადაარჩინა.

როგორც ადგილობრივები  ყვებიან, ბავშვი სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სტადიოზე თამაშობდა, ბურთი წყალში გადაუვარდა და როდესაც მის ამოტანას ცდილობდა, წყალში ჩავარდა.  ბავშვი დინებამ დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე წაიღო. ბავშვის წყლიდან გამოყვანა ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა მოახერხა, რომელიც მომხდარს შეესწრო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ბავშვი შოკურ მდგომარეობაშია. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის ჩვენებას ელოდებიან. უწყების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფები.