ახალციხეში ხეების ძირში დაგებულ ასფალტს ამოჭრიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მერაბიშვილმა განუცხადა.
მოასფალტებული ხეები ნათენაძის, კეცხოველის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზეა.
შოთა მერაბიშვილის თქმით, ასფალტი ადგილზე რამდენიმე წლის წინ დაიგო. ამ დროისთვის კი კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში აღნიშნული ხარვეზიც გამოსწორდება. რაც შეეხება სხვა ქუჩებს, იქ შესაბამისი სამუშაო მოგვიანებით ჩატარდება.
ახალციხეში აცხადებენ, რომ არასწორად დაგებული ასფალტის გამო რამდენიმე ხე უკვე გახმა.