ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
პროექტის შესაბამისად დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება გზის სიგანე, რეაბილიტირდება რკინა-ბეტონის სამი ხიდი და წყალგამტარი მილები.
აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.