ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული.
პროცედურის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგებს აცნობებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
კერძოდ, საარჩევნო ოქმებს, არჩევნების შედეგების მასალებს, მათი ჩატარების სისწორის, შესული საჩივრების თაობაზე, ასევე გამოვლენილი დარღვევების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. რეგლამენტით, დროებითი სამანდატო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით.
რაც შეეხება პარლამენტის სრულ უფლებამოსილებას, პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის რომელიმე წევრი უფლებამოსილების შეწყვეტას მოისურვებს, მან პირადი განცხადებით უფლებამოსულების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უნდა მიმართოს.