ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია კუნძულოვანი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
„ქალაქ კრაისტჩერჩში ტერაქტიდან 72 საათში კაბინეტი იარაღის ტარებასთან დაკავშირბით არსებული კანონმდებლობის შეცვლაზე შეთანხმდა. დღეს, ტერაქტიდან ექვსი დღის შემდეგ ჩვენ საბრძოლო ნახევრად ავტომატური იარაღის ყველა ტიპის აკრძალვის შესახებ ვაცხადებთ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ, ჯასინდა არდერნის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.
15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. იარაღის კონტროლთან დაკავშირებით ახალი კანონი ძალაში 11 აპრილს შევა.
ახალ ზელანდიაში ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით მარტივი კანონი არსებობს. ნახევრად ავტომატური იარაღის ტარების ლიცენზიას 16 ან 18 წლიდან პირებს აძლევენ. მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიცენცია, თუმცა იარაღის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. ლიცენზიის მიღების დროს მოწმდება მათი კრიმინალური და სამედიცინო ისტორია.
ამასთან, შესაბამისი უწყებები ამოწმებენ, არის თუ არა კონკრეტული პირი გარეული ოჯახში ძალადობაში. ლიცენზია მხოლოდ აღნიშნული ბარიერების გავლის შემდეგ გაიცემა. შესაბამისი საბუთის მქონე პირს კი იმდენი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შეუძლია, რამდენიც თავად სურს.