ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რექტორთა საბჭოზე ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში დაიწყება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით.

შეხვედრის დასაწყისში მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა გაზაფხულის სემესტრში დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება.

მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც ზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.