ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების პერიოდში პატიმრები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 16 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი ამოქმედდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის შესაბამისად, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა, რაც პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.
პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. ნახევრადღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.
როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობებია შემოღებული, რის შედეგადაც ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ. გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, პატიმრები 16 მარტიდან ზემოხსენებული სატელეფონო შეღავათით სარგებლობენ, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში.
შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს“, – აცხადებენ სპეციალური პენიტენციურ სამსახურში.