ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკების დროს სამი ადამიანი დაიღუპა
ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „გარდიანი“ წერს, ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიას წარმოადგენს, მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ.
კერძოდ, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან შესწორებას, რომლითაც ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უფრო მეტ ფრანგს ექნება. აღნიშნული ცვლილებების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს შესწორება ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის მარგინალიზაციას გამოიწვევს.
ამ ცვლილებების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკების დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. კიდევ 130 მომიტინგე დააკავეს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს და მაღაზიები გაძარცვეს. საპასუხოდ, ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, აკრძალა მიტინგების გამართვა და ადგილობრივი აეროპორტი დროებით დახურა.
როგორც საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, „მსხვერპლი პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნას არ მოჰყოლია და ის თავდაცვის უფლების გამოყენების შედეგია“. მისივე თქმით, სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები გვიან ღამით დაამტკიცა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.