პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტი, ეს არის ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის იმედს მომავალში, რომ გვექნება იმ სიდიდის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის დოვლათის და სიმდიდრის მომტანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, წარდგენილი ფინანსური დოკუმენტი, არის ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი, მაგრამ ინარჩუნებს სოციალურ ორიენტაციას
“მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა ახალ მინისტრს, მამუკა ბახტაძე, ისევე როგორც დიმიტრი ქუმსიშვილს იმ მუშაობისთვის, რაც პარლამენტთან და მათ შორის ჩვენს კომიტეტთან გასწიეს ბიუჯეტის დღევანდელი სახით წარმოდგენისთვის. თანხების დაახლოებით მესამედი კვლავაც მიმართულია სოციალურ დაცვაზე – 28% ბიუჯეტის და ასახავს იმ ტენდენციას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იყო, როდესაც პენსია გაიზარდა 80%-ით, მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან კიდევ უფრო მეტით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ეს საკმარისი, დღეს პენსია უნდა იყოს, ალბათ, 500-600 ლარი, ანუ საშუალო ხელფასის 50-60 პროცენტი, რათა მან შეასრულოს ის დანიშნულება, რაც აქვს პენსიას. ეს არის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. მაგრამ ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი ანუ დღევანდელი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი. ის, რომ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შევძლოთ რეალურად სწორედ ამ სიდიდეს მიაღწიოს პენსიამ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით თითოეულ პენსიონერს უნდა ჰქონდეს, ამისათვის არის სწორედ მოწოდებული დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რათა მივაღწიოთ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეულ პენსიას. იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამაზე მთავრობის დასტური გვაქვს, რომ ჩვენ დღევანდელი პენსიონერებისთვის გვექნება მექანიზმი შემოთავაზებული, რომელიც იქნება ინდექსაცია ეკონომიკური ზრდის თუ ფასების ზრდის პარალელურად გაეზარდოს პენსიონერებს პენსია და პოლიტიკოსების ხელში შემყურე არ იყვნენ, როდესაც არჩევნების წინ საჯილდაო ქვად იქცევა-ხოლმე პენსიის ზრდა. ეს არის ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ვთქვათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ჩვენ ღირსეული საპენსიო სისტემა გვაქვს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, 2013 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, თითქმის 1 მილიარდამდე ლარი იხარჯება ჯანდაცვაზე, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
“ამან ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინა. ათიათასობით ოჯახი გადაარჩინა გაღარიბებას, რომელიც ჯანდაცვის დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 5-პროცენტიანი ზრდა უნდა იყოს, რომ უნივერსალური ჯანდაცვა გვქონდეს. გასაორმარგებელია ჯანდაცვის დანახარჯები, რათა ჩვენს მოქალაქეებს უნივერსალური ჯანდაცვა ჰქონდეთ, მათ ჯიბეს რომ არ დაეტყოს წამლების გაძვირება, არც ჯანდაცვაში მიმდინარე ინფლაცია, რადგან ჯანდაცვაში ინფლაცია მსოფლიოში აჭარბებს ზოგად ინფლაციას და ფასები ბევრად უფრო იზრდება, დანახარჯები უფრო მეტად იზრდება, რადგანაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ უფრო მეტს, ვიდრე ცხოვრობდნენ მანამდე, ამიტომ პენსიონერთა რაოდენობა მომატებულია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ შემცირებულა.
“ადამიანები ცხოვრობენ უფრო მეტს და უფრო ჯანმრთელად და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ კიდევ უფრო გაიზრდება თამბაქოზე აქციზი, რადგან 11 000 ადამიანს, რომელიც ნაადრევად იღუპება თამბაქოსგან, ამით ერთი ადამიანიც რომ გადავარჩინეთ, ეს იქნება უდიდესი მიღწევა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.