აკაკი ზოიძე - შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ამოქმედებამდე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ეს განცხადება ზოიძემ ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს თავისი ვერსია, რა ბიუჯეტი დასჭირდება სერვისების ამოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამ მილიონ ნახევარი ლარი და ერთი წლის ვადაში ამ ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მზაობა, რომ ჩვენ შევთავაზოთ სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, დეკრიმინალიზაცია მანამდე, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – განაცხადა ზოიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის ფორმირების შესახებ დღეს დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას კანონმდებლები, იუსტიციისა და შს მინისტრები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, თუმცა ამავდროულად ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და ადმინისტრაციული წესით დასჯას გულისხმობს. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, საბჭოს სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. საბჭოს წევრთა ნაწილი, კი ეტაპობრივ დეკრიმინალიზაციას ემხრობა. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ლიბერალური პოლიტიკა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ პირადი მოხმარების დოზას პირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძენს და საზღვარზე შემოიტანს.
“ვთქვათ თუ პირადი მოხმარებისთვის ადამიანს უდევს ჯიბეში ნახევარი აბი აკრძალული პრეპარატი, დეკრიმინალიზაცია ხდება და საპატიმრო სასჯელი უქმდება. თუ ქვეყნის შიგნით აღმოუჩენენ ნახევარ აბს, ამ შემთხვევაში არ არის საპატიმრო სასჯელი, ანუ ეს არის პირადი მოხმარების ოდენობა. იმ შემთხვევაში კი თუ ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი ამ ნახევარი აბით, საზღვარგარეთიდან შემოიტანა საქართველოში, უნდა იყოს თუ არა განსხვავებული რეჟიმი, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ ვთავაზობდით, რომ ამაზეც ყოფილიყო ადმინისტრაციული სასჯელი. ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს რომ, ამან შესაძლოა წაახალისოს მცირე ოდენობით საზღვარგარეთიდან ნარკოტიკის შემოტანა. დავეთანხმეთ და ეს ნაწილი ამოღებულია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ პირველ არხთან საუბრისას.