აკაკი ზოიძე - სასამართლოს კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა
აკაკი ზოიძე - სასამართლოს კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა

სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიაჩნია, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლოს ჰქონდა საშუალება, შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება და შეარჩია გირაო. შესაბამისად სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო, რომ პასუხი ეგო იმ პროვოკაციული საქციელისთვის, რაც იყო ახალგაზრდების სპეცრაზმზე წაყვანა, ამით პარლამენტზე შეტევის განხორციელება. ეს სერიოზული ბრალდებაა და აუცილებელი იყო პასუხი ეგო. ეს ყველაფერი წინ არის. იქნება გამოძიება, დადგინდება ფაქტები და უკვე ამ ფაქტების საფუძველზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.