აკაკი ზოიძე - საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ეგზიტპოლების გამოცხადებისას შეცდომა იყო დაშვებული, ვის მიერ, წასული თემაა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დღეს „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადება შეცდომა იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვახტანგ შაქარიშვილს გამოეხმაურა.
ამასთან, ზოიძემ არ დააკონკრეტა, შეცდომა ვის მიერ იქნა დაშვებული.
„ჭორაობისგან და კომენტარისგან თავს შევიკავებ. შეცდომა იყო, ვისი შეცდომა იყო, რა შეცდომა იყო, წასული თემაა, კომენტარის გაკეთება არ მინდა. რაც ვთქვი, იმაზე მეტს არ ვიტყვი”, – განაცხადა ზოიძემ.
თბილისი საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ ციფრები და პროცენტები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის. „ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ“, – განაცხადა შაქარიშვილმა, რომელიც თავის მხრივ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „დაიცავი საქართველო“ 3-პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დღეს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ამ მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა და მეორე ტური მოსალოდნელი არ იყო.