ეს არის გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, რომელიც საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის ანგარიშს ესწრებოდა.
ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
„ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება, ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული, ნორმალური სიბერე გვქონდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ზოიძე აცხადებს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს.