აკაკი ზოიძე - რთული იქნება ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება რისკებით განსხვავდება
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პატიმრობის გაუქმებას ეხება, არ ეთანხმება.
როგორც ზოიძე ამბობს, ის ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტში აქვს შეტანილი.
„ძალიან რთული იქნება ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება რისკებით განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეიძლება იწვევდეს როგორც მიჩვევას, ასევე აგრესიას სხვადასხვა ადამიანებში. ჩვენი, სპეციალისტებისა და ნებისმიერი ნარკოლოგის პოზიციაა, რომ საპატიმრო სასჯელი არ უნდა იქნას გამოყენებული ყველა ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში და არა მხოლოდ იმ ნარკოტიკების, რომლებიც არ იწვევენ აგრესიას თუ მიჩვევას. საკონსტიტუციო სასამართლო თქვა, რომ პირობითად ერთი ან ორი ნარკოტიკის შემთხვევაში არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელიო, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში, პირადი მოხმარების მიზნით შენახვაზე ან მოხმარებაზე არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა. თუ პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, იმ სახით იქნება მიღებული, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დააკმაყოფილებს. მომხმარებელი ციხის ნაცვლად საჭიროა, სამკურნალოდ გავუშვათ, რადგან ციხე სარეაბილიტაციო საშუალება არ არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძე მოუწოდებს კოლეგებს, რომ კანონპროექტზე მსჯელობა განახლდეს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვა დასრულდეს და პლენარულ სხდომაზე იყოს გატანილი.