აკაკი ზოიძე - პირველმა არხმა აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველმა არხმა აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი თქვა.
„მესმის, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ახალგაზრდები ტელევიზორს პრაიმ-ტაიმში უყურებენ, აზარტული რეკლამის განთავსებაზე ამ დროს უარი უნდა თქვან. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი თქვა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მისაბაძი. უკვე ორი ტელევიზია, რომელთაც მაღალი სამოქალაქო პოზიცია უჭირავთ. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მეტი აქვს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მისასალმებელი ნაბიჯია. პარლამენტში მარეგულირებელ რეგულაციებს განვიხილავთ, რომელსაც მხარს დავუჭერ და გათვალისწინებული იქნება საეთერო დროის შეზღუდვა, რადგან არასრულწლოვანების დაცვა აუცილებელია. ამ დამოკიდებულებისგან ადამიანები უნდა დავიცვათ, აზარტული თამაშების აგრესიული რეკლამის შეზღუდვა უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ფულის მოპოვების იოლი გზა არის გზა არსაით”, – განაცხადა ზოიძემ.
საქართველოს პირველი არხი, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – აღნიშნულია პირველი არხის განცხადებაში.