აკაკი ზოიძე - პანდემიამ დაგვანახა სისუსტეები, გარკვეული პრობლემები და ცვლილების საჭიროება, რეალური გამოსავალი სწორედ რეფორმების დაჩქარებაშია
პრობლემა კერძო სექტორის დომინირება კი არ არის, არამედ ის, რომ როცა კერძო სექტორი დომინირებს, სახელმწიფოს ბერკეტი არ აქვს, თამაშის წესები დააწესოს, – განაცხადა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ჯანდაცვაში საერთოდ არ არსებობს ცნება – ბაზარი. უამრავი ჩავარდნაა. ინფორმაციული ასიმეტრიიდან დაწყებული, მორალური საფრთხეებით გაგრძელებული და ა.შ. რომელი ერთი მოგიყვეთ?! აიღეთ ეკონომიკის სახელმძღვანელო, ბაზრის ჩავარდნების და ნახავთ, რომ ყველა მიესადაგება ჯანდაცვის სფეროს, სადაც ექიმი ასრულებს იმ აგენტის როლს, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული, რაც შეიძლება, მეტი მომსახურება გამოგიწეროს. ერთი სიტყვით, ბევრი სხვა ჩავარდნაა, რომელსაც სახელმწიფო რეგულირებით უნდა მოვუაროთ“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, კოსმეტიკური რემონტით პრობლემას ვერ მოევლება და აუცილებელია, მთლიანი სისტემა გადალაგდეს.
„საუბარია მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ფარმაცევტულ კანონმდებლობაზე, შესაბამისი მარეგულირებელი ბერკეტების შემოტანაზე და ა.შ. თუ ეს არ გაკეთდა, პრობლემას მხოლოდ იმით ვერ მოვუვლით, ხუთ წამალს რომ სუბსიდირებას დავამატებთ და იქ რაღაცას გავაკეთებთ. კოსმეტიკური რემონტით ამ პრობლემას ვერ მოვუვლით. აუცილებელია სტრუქტურული ცვლილება. ამას კოსმეტიკური შელამაზება არ ეყოფა“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, პანდემიამ უამრავი ცუდის გარდა, მოიტანა ერთი რამ, რომ შეიძლება უპირატესობის მოპოვება ისეთი მიმართულებებით, რომელსაც პანდემიამდე ვერ მოვახერხებდით.
„პანდემიამ დაგვანახა სისუსტეები, გარკვეული პრობლემები და ცვლილების საჭიროება. ეს პოლიტიკურ სპექტრში და მთლიანად საზოგადოებაში მე მგონი, ყველამ დაინახა და მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებებს მივყვეთ. ეს ცვლილებები გეგმაზომიერი უნდა იყოს. რეალური გამოსავალი სწორედ რეფორმების დაჩქარებაშია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.