აკაკი ზოიძე - ოპოზიციას ურჩევნია, სხვისი ფულების თვლას გადაეჩვიოს და ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს
ოპოზიციას ურჩევნია სხვისი ფულების თვლას გადაეჩვიოს და ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც წყალტუბოს განვითარების პროექტზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
ზოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯოს, რათა საქართველოს კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს.
„მესმის, ოპონენტების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ანტიპატია არსებობს და ეს ყველაფერი ზოგჯერ სიძულვილში გარდამავალია. წყალტუბოს განვითარების პროექტი მართლაც უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობაა. დღემდე პოპულარულია სპაკურორტები, განსაკუთრებით გერმანიაში. აღნიშნული უნიკალური პროექტის განხორციელებით სავსებით რეალურია, რომ საქართველოში ახალი და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების ნაკადი ვიხილოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იმერეთში შეუქცევად პროცესებს დაუდებს საფუძველს, საუბარია 20 ათასს სამუშაო ადგილზე, რაც ზოიძის შეფასებით, გაუმჯობესებული შემოსავლებით სულ მცირე, 100 ათასს ადამიანს ნიშნავს.
„ბოღმას რომ თავი დავანებოთ, ოპოზიცია რა სინდისით ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია? ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე იყო დამოკიდებული ასეთი პროექტები, რომელიც შესრულებულია. ქუთაისის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს, რომელიც ბმაშია წყალტუბოს პროექტთან. მილიარდ ევროიანი პროექტი ნაკლებ მასშტაბურია? ოპოზიცია სხვისი ფულების თვლას გადაეჩვიოს და ურჩევნია, ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. ადამიანს სურვილი აქვს, რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯოს, რომ ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს. ამაში საკრიტიკო რა არის? არსებობს ადამიანი, ვისაც ამ ქვეყნის განვითარებისთვის სამი მილიარდი აქვს დახარჯული მაშინ, როცა პოლიტიკაში არ იყო. ყველაფრის გაუკუღმართება არ შეიძლება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.