აკაკი ზოიძე ნიკა მელიას - ნუ გვაცოდებ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით
ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს და უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება მძიმეა იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება, აზიანებს პარლამენტარიზმის განვითარებას ამ ქვეყანაში და სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, პარლამენტარი, პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრი, ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი.
„პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი, მითუმეტეს ისეთი სერიოზული დანაშაული, რაც არის სახელმწიფო გადატრიალება თუ ძალადობრივი შეჭრა პარლამენტში. ჩემთვის ნიკა მელიას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთს, როდესაც მან ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა სპეცსაშუალებებით შეიარაღებულ სპეცრაზმზე ახალგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით, ალალად, ნამდვილად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ საქართველოს პარლამენტთან. ძალიან კარგად იცოდა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას ყველაფერს. ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა – უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, რა შეიძლება მოჰყოლოდა ყველაფერს. ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქედან ბრძანებებს იძლეოდა და პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, ამას არად არ დაგიდებთ – არც გვამებს, არც ახალგაზრდების დასახიჩრებას, არც გამოთხრილ თვალებს. აი ეს იყო მიზეზი, რაც მოხდა. ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ ხუთი დღის წინ მზერა ვერ გავუსწორე და ვერც მომავალში ვერ გავუსწორებ მაიკო გომურს, რადგან ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირადად ჩემ წილს, რომ აი იქ გავრილოვი იჯდა. თქვენ, პოლიტიკურად მართლა შავ ჭირს ამ ქვეყნის, ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერანაირ კვალი. ასე, რომ ძალიან გთხოვ, ნუ გვაცოდებ თავს. თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრეტდით, გვაწამებდით და მთავარს ვიტყვი – ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება. ცხრა წელიწადი აწამებდით ამ ქვეყანას და ერთი ბოდიში არ მოიხადეთ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.