აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ე.წ. გავრილოვის სიის შესახებ დადგენილების პროექტის მომზადებას გებელსისეულ პროპაგანდას უწოდებს
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ე.წ. გავრილოვის სიის შესახებ დადგენილების პროექტის მომზადებას გებელსისეულ პროპაგანდას უწოდებს.
აკაკი ზოიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტზე, რომელიც დღეს სალომე სამადაშვილმა წარადგინა.
„ძალიან მაინტერესებს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში წაიღებს ქალბატონი სამადაშვილი ამ სიას და ძალიან მაინტერესებს რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების. მე ცოტა წარმოდგენა მაქვს, რომ თუ იუმორისტული კუთხით აპირებს, არ ვიცი. დანარჩენი, რასაც ცდილობენ სიის რეკლამირებით, ეს არის მათ ტრადიციული გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც ასეთი წესი აქვს – რაც შეიძლება დიდი ტყუილი უნდა თქვა, ტყუილი ხშირად უნდა გაიმეორო, მაშინ სიმართლე გახდება და შენი ჩადენილი დანაშაული დააბრალო სხვას“, – განაცხადა ზოიძემ.