აკაკი ზოიძე - მოსახლეობას ვპირდებით, რომ ყველაზე უფრო მოწყვლადი მოქალაქეებისთვის წამლების პრობლემას მოვაგვარებთ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები საყურადღებოა.
მისი თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოს დიდი გამოწვევაა.
„ტენდენციები საყურადღებოა, რადგან სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყურადღება მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას ოსეთი სამუშაო ადგილები, რომელიც იმ მოქალაქეებს მოუტანთ შემოსავალს, რომლებიც თავს უკიდურეს სიღარიბეში არ იგრძნობენ. კონკრეტული პრობლემები არსებობს, რომლებზეც გარკვეული პროგრამებია გათვალისწინებული“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი და მოსახლეობისთვის პრობლემატურია.
„საყურადღებოა ისიც, რომ დადებითი ტენდენცია ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ნარჩუნდება. რაც შეეხება წამლებს, მოსახლეობას ვპირდებით, რომ აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ ყველაზე უფრო მოწყვლადი მოქალაქეებისთვის. ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება ასევე საპენსიო ფონდს, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია, რათა ნდობა მაქსიმალურად მოკლე დროში გამყარდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველო ნაწილი წარუდგინეს. კვლევაში ძირითადი აქცენტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზეა. ასევე კვლევა ეხება ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას.