აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძემ ყურადღება დაგროვებითი პენსიის რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე დისკუსია ამჟამად არ მიმდინარეობს, თუმცა ეს მომავლის საკითხია.
„უმეტესი ქვეყანა მოსახლეობის დაბერების გამო, საპენსიონსიო ასაკს ცვლის, მათ შორის, ზრდის კიდეც. ჩვენთან ამაზე მსჯელობა მიდიოდა, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. შეიძლება, პენსიის გათანაბრება მოხდეს, მაგრამ ამაზე მსჯელობა არც დაწყებულა. სასურველი იქნება, რომ საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. აუცილებელი არ არის 65 წელი იყოს, შეიძლება 63 წელზე გათანაბრდეს. ეს მსჯელობის თემაა და აღნიშნული ჩემი აზრია მსოფლიოში საპენსიო ასაკთან მიმართებაში არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. გვინდა, ჩვენი პენსიონერები ღირსეული პენსიით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი ინფორმაციით, პენსიონერთა რაოდენობა მთლიან მოსახლეობაში 17-დან 25 პროცენტამდე გაიზრდება და 2030-2050 წლისთვის სწორედ აღნიშნულ ციფრებზეა საუბარი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, სამუშაო ძალამ იმდენი შემოსავლის მობილიზება შეძლოს, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეული პენსია უზრუნველვყოთ და სხვა სოციალური ხარჯები დავაფინანსოთ. ასაკის გათანაბრებაზე მსჯელობა უახლოეს ერთ-ორ წელიწადში არ იქნება. როცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ეს პროგრესია, მაგრამ ახალ გამოწვევებს აჩენს და გადახედვა ხდება. ადამიანები უფრო მეტს იცხოვრებენ და მეტს იმუშავებენ, პენსიაზე კი გვიან გავლენ. საუბარია 2030-2050 წლისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის ცნობით, მთავრობასთან სერიოზული დისკუსია გაიმართება საკითხებზე, როგორ მოხდეს ინდექსირება, ჩანაცვლების კოეფიციენტის შემოღება თუ სხვა მექანიზმი, რითაც მისი განმარტებით, პენსიების და პენსიონერების საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩამოშორდება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საუბარია საბაზისო პენსიაზე, რომელიც გარდა დაგროვებითი პენსიისა, ყოველწლიურად მზარდი იქნება. ზრდის მექანიზმზე კი, სერიოზული დისკუსია გაიმართება.