აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ასაკისა და პროფესიების მიხედვით მარიხუანაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს
აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ასაკისა და პროფესიების მიხედვით მარიხუანაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მივიღეთ საკანონდებლო ვაკუუმი, რომელიც აუცილებლად არის შესავსები უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

„ძალიან მკაცრი რეგლამენტაცია იქნება საჭირო იმ ნორმების ჩასანაცვლებლად, რომელიც დღეს გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ. არ უნდა მივიღოთ, რომ მარიხუანა არის უსაფრთხო პროდუქტი. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, მოხმარება ლეგალური იქნება თუ არალეგალური, არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ განსაკუთრებით მოზარდ თაობას. მათ ნათლად უნდა იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რაც არის დაკავშირებული ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებასთან“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, დღეს მარიხუანა რეალურად აკრძალული რჩება, უბრალოდ აღსრულების მექანიზმი აღარ არსებობს.

„მე პირადად ვემხრობი ძალიან მკაცრ რეგულირებას, მაგალითად არასრულწლოვანისთვის 21 წლამდე არ უნდა შეიძლებოდეს მოწევა. მარიხუანა ნარკოტიკული თრობაა ​და გარკვეული პროფესიებისთვის საერთოდ არ უნდა იყოს დაშვებული. მაგალითად ექიმი, მოსამართლე, ადვოკატი, მფრინავი, საჯარო მოხელე და ა.შ. ასევე, დამამძიმებელ გარემოებად უნდა დარჩეს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მაგალითად საჭის მართვა და ა.შ“, – განაცხდა აკაკი ზოიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა. ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილება გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის.