აკაკი ზოიძე - კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით
აკაკი ზოიძე - კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით

კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ დაზვერვამ, პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, გვიან გაიგეს ხვალინდელი ინიციატივის შესახებ, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ დაანონსდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი სცენარით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებისგან და ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სჭირდება.

„ნაწილი გადაიდგა, როცა საუბარი იყო ჯარიმის განახევრებაზე, საბანკო პროცენტზე ზღვრის დაწესებაზე. მომავალში რეგულაციები შემოვა და საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არ იქნება ადამიანი. მომავალში იპოთეკარების კასტა არ გვეყოლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. ნაწილი სამედიცინო სესხებს იღებდა, ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო აიღო სესხი. გამოატანინებდნენ მათივე ბანკებიდან სესხს და ჩაადებინებდნენ ბინას. ეს ბინა შემდეგ იკარგებოდა. ასეთი ფაქტები რომ არ მოხდეს, მთავრობას აქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც პრემიერი გააჟღერებს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივა არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

„ეს დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როცა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დაანონსდა ჭარბვალიანობის, როგორც სიღარიბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის დაძლევის პროგრამა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დღეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.