აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წელს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე და მათი იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა ქართულ მხარეს კანონის აღსრულების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.
„ჩვენს მიერ 2017 წლის მაისში მიღებული კანონი სრულად ასახავს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს. მათ კიდევ ერთხელ მოგვილოცეს კანონის მიღება და გამოგვიცხადეს მხარდაჭერა კანონის აღსრულებაში, რადგან კანონის მიღება ერთი საკითხია, ხოლო მისი ძალიან სრულყოფილად და ეფექტიანად აღსრულება მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კანონის აღსრულებისას თავიდანვე მოხდა მისი დისკრედიტაცია, ეს ცუდი შედეგების მომტანი იქნება“,-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ხვალ, პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს დელეგაციის წევრებთან ერთად, გაიხსნება ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“, რომლის მიზანია 1 მაისისთვის ასამოქმედებელ ცვლილებებს ყველა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.
როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს დაფინანსებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომლითაც შეფასდება თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ეპიდემიას საქართველოში და რა მოსალოდნელი დადებითი ცვლილებები იქნება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებასთან ერთად არა მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვითი, არამედ ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური მიმართულებებით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას ქართული მხრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძეც ესწრებოდა.