აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ იმ პირთათვის გამოკვლევები საერთოდ უფასო იყოს, ვინც C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და ვირუსის ეჭვი არსებობს
აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ იმ პირთათვის გამოკვლევები საერთოდ უფასო იყოს, ვინც C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და ვირუსის ეჭვი არსებობს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის მუშაობს, რომ იმ პირთათვის ღრმა და ძვირადღირებული გამოკვლევები საერთოდ უფასო იყოს, ვინც C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და ვირუსის ეჭვი არსებობს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში აკაკი ზოიძე ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ პირველადი სკრინინგი გავლილი 123 ათას ადამიანს აქვს, საიდანაც გამოკვლევაზე მხოლოდ 70 ათასი ადამიანი მივიდა.

„ანუ, 40 ათასზე მეტ ადამიანს ეჭვი აქვს, რომ C ჰეპატიტი აქვს, მაგრამ გამოკვლევას არ იტარებს, რაც პრაქტიკულად უფასოა. თანხების აუთვისებლობის მიზეზია ის, რომ ჩაღრმავებულ გამოკვლევაზე ის 40 ათასი ადამიანი არ მოვიდა, ვისაც გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ ჩაღრმავებული ძვირადღირებული გამოკვლევები საერთოდ უფასო იყოს იმ პირის მიმართ, ვისაც სკრინინგით C ჰეპატიტის ვირუსის ეჭვი დაუდგინდა. ეს მთლიანად უფასო იქნება. ეს უნიკალური შანსია იმისათვის, რომ ადამიანები მტანჯველი სიკვდილისგან დავიხსნათ. ზოგიერთი ადამიანი ხანში შესულია და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სიმპტომები არ აქვს, ეს სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს უახლოეს პერიოდში და ღრმა კვლევას არ იტარებს. თანხები გამოყოფილია, რათა ჩაღრმავებული გამოკვლევები ჩაიტარონ. ჩაღრმავებული გამოკვლევებისთვის 600 ლარი იყო, შემდეგ 300 ლარი გახდა, ახლა 150 ლარია, სოციალურად დაუცველთათვის კი უფასოა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი ისე ჩაატარა, თითქოს, ეს ყველაფერი მისი აღმოჩენაა, რაც ასე არ არის. მთელი მთავრობა მუშაობს და სარეკლამო რგოლებია მომზადებული, რომ C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ“, – განაცხადა ზოიძემ.