აკაკი ზოიძე - გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ
აკაკი ზოიძე - გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ

გვჭირდება ერთიანობა, რომ დავანახოთ საზოგადოებას, ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ძალიან ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აბსოლუტურად სხვა დატვირთვა შეიძინა.

„საუბარი იყო დამოუკიდებელ კანდიდატზე და სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მხარდაჭერაზე. ახლა ვითარება შეიცვალა. დღეს არის ძალიან პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე, ამის იმედი მაქვს. იქნება მხოლოდ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, მხოლოდ იმის გახსენება, თუ რა ძალას წარმოადგენს მოძრაობა, რომელიც სახეშეცვლილი ცდილობს ჰუმანისტის ნიღაბის ქვეშ ამოფარებული მოვიდეს ან შეეცადოს, ხელისუფლებაში მოსვლას. ეს არის ძირითადი არსი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგის მიზეზები გაანალიზა მიზეზები.

„სრული მობილიზებაა აუცილებელი. გავაანალიზეთ ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა. „ქართული ოცნების“ მიმართ იყო კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც ადრე უჭერდა „ოცნებას“ მხარს, ნაწყენი, გაბრაზებული. გვჭირდება კიდევ ერთხელ ერთიანობა, რომ დავანახოთ, ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ძალიან ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ. ჩვენ არ ვაფარებთ ხელს არც კორუფციას და არც არასდროს არ მოხდება ეს. არც გუნდის წევრობა ნიშნავს ინდულგენციას კორუციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი, კახა კალაძე. დეპუტატის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს.