პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, დეპუტატი გიორგი ქობულიას საქმიაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დადებითად აფასებს.
„გიორგი ქობულიას საქმიანობას დადებითად შევაფასებდი. ინფორმაცია, რომ გაუშვეს, არ მაქვს. არავითარი კონფლიქტის თაობაზე არ გამიგია“, – განაცხადა ზოიძემ.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს. „ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.