აკაკი ზოიძე განათლების მინისტრისგან დაინტერესდა, რა გეგმები აქვს სამინისტროს სამედიცინო განათლების მიმართულებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს კითხვით მიმართა, რა გეგმები აქვს სამინისტროს სამედიცინო განათლების მიმართულებით.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, ამ მხრივ, ძალიან დიდი დისბალანსი არსებობს.
„გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ.
მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე სამი ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც.
ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ის, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ავიყვანთ სამედიცინო განათლების ხარისხის, რომელიც ერთის მხრივ, დისბალანსის შესამცირებლად იქნება, როგორ ვაპირებთ ამას და რომელ წლებში? მეორე საკითხია, ცირკულარული მიგრაცია.
ექთნების მოთხოვნა არის არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ, უცხოეთშიც, მათი ქვეყნის გარეთ გაშვება და დასაქმება შეგვიძლია“, – განაცხადა ზოიძემ.