გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ არა მარტო კანონის გამკაცრებით, არამედ პირველ ყოვლისა, არსებული კანონის აღსრულებითაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ადამიანურობა იმ კუთხით, რომ გასაღებასა და მოხმარებას შორის მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული.
„აუცილებელია ადამიანურობა იმ კუთხით, რომ გასაღებასა და მოხმარებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ. გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ არა მარტო კანონის გამკაცრებით, არამედ პირველ ყოვლისა არსებული კანონის აღსრულებითაც. მეორე მხრივ, მომხმარებელთა მიმართ გამოვიჩინოთ ჰუმანურობა. მოვუწოდებ კოლეგებს, კიდევ ერთხელ ვმობილიზდეთ და მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავძლიოთ ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს. პრინციპებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძე ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მისამართით სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიას.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კატეგორიულად გმობს ამას.
„მოვუწოდებ ყველას, როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, ტოლერანტობაზე, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაზე, დემოკრატიაზე, რაც არ უნდა ეთანხმებოდე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, არ შეიძლება ადამიანის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოჩენა. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციის მომხრეები არიან ეს ადამიანები, ვთხოვდი, რომ ასეთ შემთხვევაში ასეთი მეთოდების გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ გვაბრუნებს იმ საზოგადოებისკენ, რომლის წინააღმდეგაც, ეს ადამიანები იბრძვიან, მაგრამ თავიანთი საქციელით ეს ასე არ ჩანს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.