აკაკი ზოიძე - ძალიან არ მინდა, მჯეროდეს, რომ საზოგადოება იმ წყვდიადის ძალიან ბევრ წარმომადგენელს აირჩევს, რომლის ნაწილსაც გუშინ ვხედავდით
ძალიან არ მინდა, მჯეროდეს, რომ საზოგადოება იმ წყვდიადის ძალიან ბევრ წარმომადგენელს აირჩევს, რომლის ნაწილსაც გუშინ ვხედავდით, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობაც“ ისეთივე წყვდიადი და პოლიტიკური შავი ჭირია, როგორც ის ადამიანები, სასულიერო პირი რომ სასულიერო პირს არ ჰგავს, ეშმაკის მსახურს ჰგავს და რაინდი – კლოუნს. მეორე მხარეს ნაცები, რომლებიც ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებად არიან გადაცმული, ევრო ისინი იქნებიან, თუ სხვა. იქ არის ძალიან ბევრი გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც მართლა თვლის, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალდებულებაა, ბოლომდე იდგეს და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვოს, მაგრამ იმის უკან ვის ვხედავთ?! ისევ ამათ“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, დღეს, პროცესები ისეთ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდა, რომ სამოქალაქო თანხმობისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„მანამდე რომ გვეუბნებოდნენ, მოდით, ახლა მივიღოთ პროპორციული არჩევნებიო, თავის დროზე, კონსტიტუციის მიღების პროცესში, უარი თქვეს, ჩვენ გვერდით დამდგარიყვნენ, მაგრამ დღეს სხვა გამოსავალი არ არსებობს. დღეს, პროცესები ისეთ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდა, ჩვენ სამოქალაქო თანხმობისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ამ თანხმობისკენ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისაა, რომ პარლამენტში თითოეული მოქალაქის მისწრაფება აისახოს“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2020 წლის პარლამენტში პოლიტიკურმა ძალებმა მოქალაქეთა ჯგუფების ინტერესები მაქსიმალურად უნდა გამოხატონ და ქვეყნის მართვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილება უნდა მოხდეს, რათა პოლარიზაცია არ იყოს.
„ეს უნდა მოხდეს, რომ არ იყოს აქეთ ეს, იქით ის; რომ ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან ეს დივერსანტების და მავნებლების პარტია, რომელიც ფსევდოპატრიოტიზმზე და ადამიანებში შუღლის, დაპირისპირების, მტრობის გაღვივებაზე პარაზიტირებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.